სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, თანამდებობის დატოვებას ტრამპის ინაუგურაციამდე აპირებს - „ნიუ იორკ თაიმსი“

ჯეკ სმიტი

სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, თანამდებობის დატოვებას არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე აპირებს, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ სმიტთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს.

სმიტმა ტრამპის წინააღმდეგ ორი ფედერალური საქმე აღძრა – ერთი საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვასთან დაკავშირებით, მეორე კი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სავარაუდო გაყალბების მცდელობაზე. რესპუბლიკელმა პოლიტიკოსებმა ეს საქმეები „სამართლებრივ ომად“ და „პოლიტიკურად მოტივირებულად“ შეაფასეს. თავად დონალდ ტრამპმა სმიტს არაერთხელ უწოდა „შეშლილი“ და „ტრამპის მოძულე პროკურორი“.

როგორც გამოცემა წერს, სმიტის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ ნაწილობრივ განპირობებულია ტრამპის დაპირებით, რომ იგი სმიტს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა ინაუგურაციიდან „ორ წამში“.

გამოცემა იუწყება, რომ სმიტი და მისი გუნდი გეგმავენ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეწყვეტას, რადგან იუსტიციის დეპარტამენტის პოზიციით, მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეუძლებელია.

თანამდებობის დატოვებამდე სმიტს მოუწევს ანგარიშის წარდგენა ტრამპის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიებების შესახებ. მან უკვე განაცხადა, რომ სჭირდება ერთი თვე „ამ უპრეცედენტო ვითარების შესაფასებლად“.