სოციალური მედიის გამოყენება დეპრესიის რისკს ზრდის - ახალი კვლევა

სოც მედია

არკანზასის, ორეგონისა და ალაბამის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალური მედიის გამოყენებასა და დეპრესიის ჩამოყალიბებას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ თუ სოციალურ მედიას  დღეში 5 საათს ან უფრო მეტ დროს უთმობთ, დიდი შანსია, მსგავსმა მიჯაჭვულობამ სულ რაღაც 6 თვეში მენტალური პრობლემა წარმოშვას.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი სხვა ადამიანთა ცხოვრებასთან საკუთარი ყოფის შედარებას მოაქვს, რამაც შესაძლოა,  თავი ცუდად გვაგრძნობინოს და უკმარისობის განცდა გაგვიჩინოს. ეს ყველაფერი უარყოფით ემოციებს ედება საფუძვლად და დეპრესიის რისკს ზრდის.

კვლევისთვის ავტორებმა 18-დან 30 წლამდე ასაკის 1000 ამერიკელის მონაცემები გააანალიზეს, რომელიც 2018 წლის გამოკითხვიდან მოიპოვეს. მათ, ასევე, ადამიანთა პიროვნული მახასიათებლების დიდ ხუთეულზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც სხვებისადმი გახსნილობას, ექსტრავერსიას, კეთილსინდისიერებას, ემპათიურობასა და ნევროტიზმს მოიცავს.

დადგინდა, რომ სოციალური მედიის დიდხნიანი გამოყენების შედეგად, თუნდაც ყველაზე ნაკლებად ნევროტული და ყველაზე მეტად გახსნილი ადამიანებიც კი დეპრესიის ჩამოყალიბების რისკის წინაშე იყვნენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მენტალური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სოციალური მედიის გავლენა უკეთ უნდა გავიაზროთ და ასეთი პლატფორმების გამოყენების დრო შევამციროთ.