სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი

ალიევი და ფაშინიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, თითქმის, 40 წლის განმავლობაში სიტყვები: „მშვიდობა“, „სომხეთი“ და „აზერბაიჯანი“ ერთად არავის გაუგია და მაშინაც კი, თუ ისინი ერთად გამოიყენებოდა, ეს წარმოუდგენელ რამეს ნიშნავდა. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ არის წარმოუდგენელი ის, რაც 2025 წელს მოხდა და რაც ახლა ხდება.

„ეს ცერემონია მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების აღნიშვნა არ არის. ეს ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ იმის დადასტურებაა, რომ კონფლიქტის გვერდი დაიხურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის, ან ჩემთვის აქ მოსვლას და ამ ჯილდოს მიღებას აზრი არ ექნებოდა. ეს ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გამოვლინებაა, რადგან გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მაღალი პატივისცემის მქონე წევრებისგან შედგებოდა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აბუ დაბიში, „ზაიედის“ ადამიანური ძმობის 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს გადაეცემათ, ის ორივე ქვეყნის მოსახლეობას ეკუთვნის.