Sky News: რატომ არ ჩამოიშალა ირანის რეჟიმი?

აიათოლა ალი ხამენეი

ომის დაწყებიდან ცხრა დღე გავიდა, თუმცა ირანის რეჟიმი კვლავ ხელუხლებელია და, სულ მცირე, გარკვეულწილად ინარჩუნებს კონტროლს ქვეყანაზე, - წერს ბრიტანული გამოცემა Sky News სტატიაში სათაურით რატომ არ ჩამოიშალა ირანის რეჟიმი?

ქუჩის პროტესტი ჯერ კიდევ არ დაწყებულა, რადგან ოპოზიციური მოძრაობა, ეჭვგარეშეა, ელოდება იმის გარკვევას, ბოლომდე გაჰყვება თუ არა აშშ არჩეულ კურსს.

ვაშინგტონის მხრიდან მოულოდნელი უკან დახევა მომიტინგეებს დაუცველს დატოვებს და იმ სახელმწიფო ნარჩენების ანაბარად ჩააგდებს, რაც რეჟიმისგან გადარჩება.

რატომ არ დაემხო რეჟიმი - კონფლიქტის პირველსავე დღეს უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ - ისე, როგორც ეს ლიბიის, სირიისა და ერაყის დიქტატურების შემთხვევაში მოხდა?

მისი გადარჩენა შეიძლება მიეწეროს მმართველობის რთულ ჰიბრიდულ სტრუქტურას, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა საგარეო თუ საშინაო გამოწვევებისადმი მდგრადობის მიზნით.

ეს სისტემა განზრახ ისეა შექმნილი, რომ ერთ ადამიანზე მაღლა იდგეს. ეს ნიშნავს, რომ უზენაესი ლიდერის მკვლელობით რეჟიმი არ კვდება.

ძალაუფლება გადანაწილებულია რამდენიმე ორგანოს შორის, რომელთა უმეტესობაც კვლავ ფუნქციონირებს, თუნდაც ძლივს-ძლივობით. ეს სისტემა არ ჰგავს არცერთ სხვა მმართველობას მსოფლიოში.

უზენაესი ლიდერი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და რელიგიური ავტორიტეტია - ეს როლი 1979 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. ის არის მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, რომელსაც 88 წევრისგან შემდგარი ორგანო - „ექსპერტთა საბჭო“ ირჩევს და რომელიც ამ თანამდებობაზე სამუდამოდ ინიშნება.

უზენაესი ლიდერი ყველაფერშია ჩართული: დაზვერვის ხელმძღვანელი, არმია და სხვა სენსიტიური თანამდებობები - ყველა მის მიერ უნდა იყოს დამტკიცებული. ქვეყნის ისტორიაში სულ ორი უზენაესი ლიდერი იყო: აიათოლა რუჰოლა ხომეინი და აიათოლა ალი ხამენეი.

უზენაესი ლიდერის შემდეგ, „გუშაგთა საბჭო“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია. იგი 12 წევრისგან შედგება: მათგან ექვს ისლამურ სასულიერო პირს უზენაესი ლიდერი ირჩევს, ხოლო ექვს იურისტს - პარლამენტი ნიშნავს. გუშაგთა საბჭო განიხილავს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას მკაცრ ისლამურ წესებთან და შეუძლია გადაწყვიტოს, ვის აქვს პარლამენტში კენჭისყრის უფლება, რაც მას ირანის პოლიტიკაზე უზარმაზარ ძალაუფლებას ანიჭებს.

სასამართლო ხელისუფლება, რომელსაც უზენაესი ლიდერის მიერ დანიშნული უზენაესი მოსამართლე ხელმძღვანელობს, ირანში შიშისმომგვრელი ორგანოა. იგი არა მხოლოდ ზედამხედველობს სასამართლოებსა და ნიშნავს პროკურორებს, არამედ განმარტავს მკაცრ კონსერვატიულ ისლამურ სამართალს, რაც მას ირანულ საზოგადოებაზე უზარმაზარ გავლენას ანიჭებს.

პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად მასუდ ფეზეშქიანია, ოთხ წელიწადში ერთხელ აირჩევა. ის ხელმძღვანელობს მთავრობას, ნიშნავს მინისტრებსა და წარადგენს ბიუჯეტს.

მიზანშეწონილობის საბჭოს როლი უზენაესი ლიდერის კონსულტირებაა. მას ასევე შეუძლია გადაჭრას დავები პარლამენტსა და გუშაგთა საბჭოს შორის.

ირანის არმია, რომელიც ცნობილია როგორც „ართეში“, ჯერ კიდევ იმ დროიდან არსებობს, როდესაც ირანი მონარქია იყო. მისი მთავარი როლი ირანის საზღვრების დაცვაა.

„გუშაგთა კორპუსი“ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა, რადგან აიათოლა ხომეინი არ ენდობოდა „ართეშს“ - მას ეშინოდა, რომ სამხედროები დამხობილი შაჰის ერთგულნი დარჩებოდნენ. ისინი უშუალოდ უზენაეს ლიდერს ექვემდებარებიან და მათი არსებობის მიზანი ისლამური რესპუბლიკის დაცვაა.

დღეს „გუშაგთა კორპუსი“ უკიდურესად ხისტ და სასტიკ ძალას წარმოადგენს. ისინი, ასევე, ფლობენ დიდ სიმდიდრეს და უზარმაზარი გავლენა აქვთ ირანის პოლიტიკაზე.