სირიაში დაკავებულია მოსამართლე, რომელმაც ათასობით ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა

ციხე

სირიის ახალმა მთავრობამ დააკავა ყოფილი სამხედრო მოსამართლე მუჰამედ კანჯო ჰასანი, რომელმაც ათასობით ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, - იუწყება DW.

ჰასანი დააპატიმრეს მის 20 მოკავშირესთან ერთად ტარტუსის პროვინციაში, სადაც გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდამჭერები ცხოვრობენ.

ჰასანი იკავებდა სამხედრო მოსამართლის პოზიციას 2011-2014 წლებში. შემდეგ ის დააწინაურეს. ჰასანი გახდა სირიის სამხედრო იუსტიციის უფროსი.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ადამიანებისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოჰქონდა ხშირად იმ სასამართლო პროცესების დროს, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. ქრთამების აღებით მან გამოიმუშავა 150 მილიონი დოლარი. პატიმრების ახლობლები უხდიდნენ მას ფულს იმისთვის, რომ გაეგოთ რაიმე ინფორმაცია ნათესავების შესახებ.

ციხე „სედნაია“, რომელიც ცნობილია წამებისა და სიკვდილით დასჯის ადგილად ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დამასკიდან ჩრდილოეთით 35 კილომეტრში მდებარეობს. ეს ადგილი ასადის ოპონენტების რეპრესიების სიმბოლოდ იქცა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლიდან აქ მოხვდა 30 000-მდე ადამიანი, აქედან მხოლოდ 6 000 იყო გათავისუფლებული. დანარჩენი დღემდე დაკარგულად ითვლება.