შვეიცარიის მთავრობამ ნიკოლას მადუროსა და მისი ახლო გარემოცვის აქტივები გაყინა

შვეიცარიის ბანკი

შვეიცარიის მთავრობამ ნიკოლას მადუროსა და მისი თანამზრახველების აქტივები გაყინა. როგორც შვეიცარიის მთავრობაში განაცხადეს, ეს აქტივები ოთხი წლის განმავლობაში დაყადაღებული იქნება.

როგორც ბერნში ამბობენ, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ამ აქტივების ქვეყნიდან გატანის პრევენციას, ხოლო თუ სასამართლო განხილვების შედეგად დამტკიცდება, რომ ეს აქტივები უკანონოდ შეიძინეს, შვეიცარია შეეცდება ისინი უკან დაუბრუნოს ვენესუელელ ხალხს.

შვეიცარიამ ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები დააწესა 2018 წელს, ეს მოიცავს ფინანსური აქტივების გაყინვას და 54 ადამიანისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას.

როგორ მედია წერს, ამ ეტაპზე უცნობი რჩება, რა სახის აქტივებს ინახავს ნიკოლას მადურო შვეიცარიაში, თუმცა, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, 2021 წელს მედიის ხელში აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით, საუბარია უკანონოდ მითვისებულ დაახლოებით 10 მილიარდ დოლარზე.