ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

ბიჭიკო პაიკიძე

ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და კომპანია „B.P. TRANS”-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში, დააკავეს, თავისუფალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ პაიკიძის ადვოკატზე, ირმა ჭკადუაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბიჭიკო პაიკიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა 19 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე გააჟღერა. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი მაშინ აცხადებდა, პაიკიძის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა.

პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების - როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას - 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს - გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.