შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში „დამატებითი პროგრესის მიღწევის იმედი აქვს“

ჯეი დი ვენსი

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა.

ინფორმაციას მედია მომლაპარაკებელ ჯგუფთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის მოლაპარაკებების დეტალები უცნობია. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის, IRIB-ის ცნობით, პირველი რაუნდის დროს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა.

ირანული სააგენტო „ტანსიმის“ ინფორმაციით, ირანის დელეგაციამ ამერიკელებთან ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა.

აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა. აშშ-ის დელეგაციაში ასევე იყვნენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-ისა და ირანის დელეგაციების დღევანდელი შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა.

„იმედი მაქვს, დამატებით პროგრესს მივაღწევთ. დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური მოლაპარაკებების დასაწყისია, რომელიც ყველა აზრთა სხვადასხვაობას ვერ მოაგვარებს, მაგრამ საშუალებას მოგვცემს, ისტორიაში პირველად, მხარეებმა ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადავჭრათ“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

რაც შეეხება ირანის დელეგაციას, მას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.

ამასთან, მხარეებს შორის მოლაპარაკებებში აშშ-ის, ირანის და ორი შუამავალი სახელმწიფოს – კატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.