დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1769793874
ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ტარიფების შეჩერებასთან დაკავშირებით.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია მალმერ სტენერგარდის განცხადებით, კარგია, რომ ტრამპმა უარი თქვა ტარიფების დაწესებაზე.
„კარგია, რომ ტრამპმა ახლა უკან დაიხია ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით ჩვენ მიმართ, ვინც მხარი დავუჭირეთ დანიასა და გრენლანდიას. მოთხოვნებმა საზღვრების შეცვლის შესახებ დამსახურებული კრიტიკა მიიღო. სწორედ ამიტომ ვიმეორებდით, რომ ჩვენ არ დავემორჩილებოდით შანტაჟს. ჩანს, რომ მოკავშირეებთან ერთად გაწეულმა მუშაობამ გავლენა იქონია“, – განაცხადა სტენერგარდმა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიც.
„იტალია ყოველთვის ამბობდა, რომ აუცილებელია მოკავშირე ერებს შორის დიალოგის გაგრძელება“, – აცხადებს მელონი.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მარტინმა ტრამპის განცხადება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა ჩართულ მხარეს სჭირდება სხვა სფეროებზე, მაგალითად, ეკონომიკაზე ფოკუსირება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ნაყოფიერი შეხვედრის შედეგად გრენლანდიასა და მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით მომავალი გარიგების ჩარჩო ჩამოყალიბდა. ტრამპის თქმით, მან გადაწყვიტა, არ დააწესოს ტარიფები, რომლებიც პირველ თებერვალს უნდა ამოქმედებულიყო.