სერბეთმა საქართველოს მსგავსად უცხოური გავლენის შესახებ კანონი უნდა მიიღოს - სერბეთის ვიცე-პრემიერი

სერბეთის ვიცე-პრემიერი

სერბეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ სერბეთმა საქართველოს მსგავსად კანონი უცხოური გავლენის შესახებ უნდა მიიღოს, რათა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ნაკადები გააკონტროლოს.

„ჩვენ სინამდვილეში ვთვლით, რომ ფერადი რევოლუციები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ჩვენ სერბეთში ვერ შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც გააკეთეს საქართველოში - მიიღეს კანონი, რომლის წყალობითაც არასამთავრობო ორგანიზაციები კონტროლდება“, - განაცხადა ვულინმა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ფერადი რევოლუციების დაფინანსებისა და ორგანიზების არხებს წარმოადგენენ. სერბეთის ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ მისმა ქვეყანამ მომავალში მსგავსი კანონი უნდა მიიღოს.

„იმიტომ რომ სერბეთში ფერადი რევოლუციის ობიექტური საფრთხე არსებობს. საგარეო მხარდაჭერის მიერ ასეთი ორგანიზებული მცდელობები ჩვენთან უკვე რამდენჯერმე მომხდარა“, - დასძინა მან.