სერბეთი რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გეგმავს - ვუჩიჩი

ალექსანდარ ვუჩიჩი

 სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ოფიციალური ბელგრადი ევროინტეგრაციის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას არ აპირებს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

მანამდე სერბეთის პარლამენტის დიასპორისა და რეგიონის სერბების კომიტეტის თავმჯდომარემ დრაგან სტანოევიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს.

ვუჩიჩის განცხადებით, ეს „დეზინფორმაცია“ იყო.

„მოვისმინე ამბავი, რომ სერბეთი რუსებისთვის ვიზებს აწესებს. არ ვიცოდი, თუ რაზე იყო საუბარი. დავურეკე ანა ბრნაბიჩს [სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე] და ვკითხე, რამეს ხომ არ უყარეს კენჭი, რამეს ხომ არ გინიხილავენ. მან მითხრა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ვიღაცამ აღნიშნული დეზინფორმაციით სერბეთს ავნო“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბელგრადი, ევროკავშირის მუქარების მიუხედავად, რუსეთთან უვიზო რეჟიმს არ გააუქმებს.

„ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ვინმემ რომც მიიღოს, მას მალევე გააუქმებენ“, - დასძინა ვუჩიჩმა.