„თუ გსურს, რომ შეხვედრა არ შედგეს, მაშინ მოსკოვში უნდა მიმიწვიო“ - ზელენსკი პუტინს პასუხობს

ზელენსკი

თუ გსურს, რომ შეხვედრა არ შედგეს, მაშინ მოსკოვში უნდა მიმიწვიო, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ინიციატივას, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვში გაიმართოს.

როგორც ზელენსკიმ საფრანგეთში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ფრანგ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შეხვედრა გადაავადოს.

„შეხვედრა საჭიროა. ეს სურვილზე არაა, ეს საჭიროებაა. ჩვენ მხარს ვუჭერდით ნებისმიერ ფორმატში სამმხრივ შეხვედრასაც და ორმხრივსაც. მიმაჩნია, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ის გადაავადოს. ამერიკელმა პარტნიორებმა გადმომცეს, რომ პუტინმა მოსკოვში მიმიწვია. ვფიქრობ, თუ გსურს, რომ შეხვედრა არ შედგეს, მაშინ მოსკოვში უნდა მიმიწვიო“, – თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ცუდი არ არის ის ფაქტი, რომ პუტინმა დაიწყო ამგვარ შეხვედრაზე საუბარი, თუმცა მისი თქმით, ჯერ არ ჩანს რუსეთის სურვილი, დაასრულოს ომი.

„ზრდასრული ადამიანები ასეთი დონის შეხვედრიდან რამე შედეგით უნდა გამოდიოდნენ, სასურველია ომის დასრულებით“, – თქვა მან.

პეკინში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი შეხვედრა ზელენსკისთან შეიძლება, მოსკოვში შედგეს. მან ასევე ეჭვი შეიტანა ასეთი შეხვედრის აუცილებლობაში და კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ ზელენსკისთან შეხვედრა მას დონალდ ტრამპმა სთხოვა.