საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვის გაგრძელების შემთხვევაში, ნავთობის ბაზრებზე გავლენა შესაძლოა, „კატასტროფული“ იყოს

ჰორმუზის სრუტე

ჰორმუზის სრუტის დახურვის გაგრძელების შემთხვევაში, ნავთობის ბაზრებზე გავლენა შესაძლოა, „კატასტროფული“ იყოს, – ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობგიგანტის, „არამკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ამინ ნასერმა განაცხადა.

„წარსულში მომხდარი შეფერხებების მიუხედავად, ეს კრიზისი რეგიონის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის ყველაზე დიდი კრიზისია“, – აღნიშნა ამინ ნასერმა.

ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ისრაელის დარტყმები გაგრძელდება, ისინი ახლო აღმოსავლეთიდან „ერთი ლიტრი ნავთობის“ გადაზიდვას კი არ დაუშვებენ.

ამას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილება მოჰყვა, რომ აშშ ირანს გაცილებით უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს, თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგომომარაგების რეგიონიდან ექსპორტს დაბლოკავს.