სასამართლომ იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

შინძო აბეს სასამართლო

იაპონიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს, ტეძუია იამაგამის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, პროკურორებმა ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს და თავდასხმას „ომის შემდეგ ისტორიაში უკიდურესად მძიმე, უპრეცედენტო ინციდენტი“ უწოდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის მხარე უფრო მცირე სასჯელს, არა უმეტეს 20 წელს მოითხოვდა.

ცნობისთვის, 2022 წლის 8 ივლისს იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შინძო აბე თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 45 წლის მამაკაცი, ქალაქ ნარას მცხოვრები ტეძუია იამაგამი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, იამაგამიმ შინძო აბეს მკვლელობა აღიარა.

შინძო აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა. შინძო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა