საპროტესტო აქცია ტურინში დემონსტრანტებისა და სამართალდამცველების დაპირისპირებაში გადაიზარდა

საპროტესტო აქცია ტურინში

ტურინში სოციალური ცენტრის დახურვისა და გამოსახლების წინააღმდეგ აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. იტალიური მედიის თანახმად, ტურინში დაახლოებით 20 ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა, მათ შორის პალესტინის მომხრე მომიტინგეები და ძალადობრივი ჯგუფი.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის ერთი სატვირთო მანქანა დაწვეს, მეორე კი დააზიანეს. სამართალდამცველებს ქვები, სხვადასხვა ნივთი და ფოიერვერკები ესროლეს. მედიის ცნობით, ერთი პოლიციელი თორმეტმა ნიღბიანმა მომიტინგემ ალყაში მოაქცია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ჩაქუჩი ჩაარტყეს. საპასუხოდ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 100-ზე მეტი სამართალდამცველი.

მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი გამოეხმაურა.

„ახლა ნათლად ვიტყვი. ესენი მომიტინგეები კი არა, ორგანიზებული დამნაშავეები არიან. ჩაქუჩით როცა ურტყამ ვინმეს, ამას აკეთებ იმის ცოდნით, რომ შედეგები შეიძლება ძალიან, ძალიან სერიოზული იყოს. ეს არ არის პროტესტი, ეს არ არის შეტაკება. ამას მკვლელობის მცდელობა ჰქვია“, - განაცხადა მან.