1740372372
სანქციების ვრცელი სია, რომელიც პუტინის გარემოცვას „დაასუსტებს“ - როგორ ცდილობს ბაიდენი რუსეთის შეჩერებას

24 თებერვლის დილით რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
ამავე დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა:
➤ სანქციების ერთ-ერთი სამიზნეა რუსეთის ბანკები, მათ შორის VTB ბანკი, ოლიგარქები და მაღალი ტექნოლოგიის სექტორები - ამბობს ბაიდენი. აშშ და მისი მოკავშირეები ქონებას დაუბლოკავენ რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, შემოიღებენ საექსპორტო კონტროლს და სანქციებს დაუწესებენ ოლიგარქებს.
„ვბლოკავთ 3 დამატებით მსხვილ ბანკსაც, რაც ნიშნავს იმას რომ ყველა აქტივი რაც რუსებს აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება გაყინული, ეს მოიცავს ვი-თი-ბი ბანკსაც, მეორე ყველაზე მსხვილ ბანკს რუსეთში, რომელსაც 250 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივი აქვს აშშ-ში. ეს აუცილებლად აისახება რუსულ ელიტაზე, მათი ოჯახის წევრებზე“,- განაცხადა ბაიდენმა.
➤ ასევე, აშშ აკრძალავს კონკრეტული ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის შემცველი თითქმის ყველანაირი აღჭურვილობის, წარმოებულს აშშ-ში თუ საზღვარგარეთ, ექსპორტს რუსეთის სამხედრო ძალებისთვის.
➤ ამასთან ერთად, იკრძალება ნახევარგამტარების, ტელეკომუნიკაციური აპარატების, დაშიფვრის აღჭურვილობის, ლაზერების, სანავიგაციო აპარატურის და საზღვაო ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში.
ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ში არსებული ყველა აქტივი გაეყინებათ „რუსული ელიტის“ წარმომადგენლებს:
- სერგეი ივანოვს (მამამისი, ასევე სერგეი ივანოვი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას; 2008 წელს, დიმიტრი მედვედევთან ერთად, მიიჩნეოდა პუტინის „მემკვიდრედ“);
- ანდრეი პატრუშევს (მამამისი, ნიკოლაი პატრუშევი პუტინთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება; იყო მისი მემკვიდრე უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პოსტზე, ამჟამად იკავებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას);
- ივან სეჩინს (მამამისი, იგორ სეჩინი, ნავთობკომპანიის, „როსნეფტის“ დირექტორი და პუტინთან დაახლოებული პირია);
- ალექსანდრე ვედიაშკინი – „სბერბანკის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- ანდრეი პუჩკოვი და იური სოლოვიოვი – „ვი-თი-ბი“ ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები. სანქციები ასევე შეეხება სოლოვიოვის ცოლს, გალინა ულიუტინას;
➤ ბაიდენმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებისგან, მათ შორის რუსეთის გათიშვისგან SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, რომელიც ბანკიდან ბანკში გადარიცხვებს ხდის შესაძლებელს გლობალური მასშტაბით.