სამშვიდობო მოლაპარაკებებში ყველაზე რთული ტერიტორიული საკითხია - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ყველაზე რთული ტერიტორიული საკითხია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის კონტექსტში სამი საკითხი არის საკამათო, ხოლო აშშ-ის მიერ შემოთავაზებული გეგმის განხილვა არის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

„გულწრფელად გეტყვით, ტერიტორიების საკითხი არის ყველაზე რთული. აღდგენის დაფინანსების საკითხი, ჩემი აზრით, ევროპელი პარტნიორების მონაწილეობის გარეშე რთულია, რადგან ფული ევროპაშია. არ მგონია, ეს ძალიან სამართლიანი იყოს. უსაფრთხოების გარანტიების საკითხი კი ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების, კერძოდ, ევროპის მხრიდან“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პრიორიტეტები სუვერენიტეტის შენარჩუნება და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფაა. უკრაინის ლიდერმა მოუწოდა ქვეყნის მოკავშირეებს, უზრუნველყონ, რომ რუსეთი არ დაჯილდოვდეს მის მიერ დაწყებული ომისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთს ეწვევა.