სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ქვეყნის, სულ მცირე, შვიდი ნავთობტანკერი ჰორმუზის სრუტის გავლას ვერ ახერხებს

ნავთობტანკერი

სამხრეთ კორეის, სულ მცირე, შვიდი ნავთობტანკერი ჰორმუზის სრუტის გავლას ვერ ახერხებს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრმა, კიმ იანგ ბემ „სიენენს“ განუცხადა.

მისი თქმით, სამხრეთ კორეაში მიმავალი მილიონობით ბარელი ნედლი ნავთობის გადამტანი გემები ჩიხში არიან, რაც მიწოდების პოტენციური დეფიციტის საფრთხეს ქმნის.

კორეის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის მონაცემებით, ქვეყნის ნედლი ნავთობის 70 პროცენტზე მეტი და გაზის დაახლოებით 20 პროცენტი ახლო აღმოსავლეთიდან შედის.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონგმა მოუწოდა მინისტრებს, სწრაფად მიიღონ საგანგებო ზომები ნედლი ნავთობისა და გაზის მარაგების სტაბილიზაციის მიზნით.