სამხედრო დახმარებისთვის რუსეთის ირანისადმი მიმართვა სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი სამხედრო დახმარებისთვის რუსეთის ირანისადმი მიმართვას სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებად მიიჩნევს. საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა წარმატებით იგერიებს მტრის საჰაერო თავდასხმებს და მან საერთაშორისო პარტნიორებს თავდაცვითი სისტემების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გრძელდება ბრძოლა ჩვენი ხალხის ნორმალური ცხოვრებისთვის. რუსეთმა ახალი თავდასხმები განახორციელა ჩვენს ენერგოსისტემაზე. ჩვენმა ძალებმა რაკეტების ნაწილი ჩამოაგდეს, მადლობა პარტნიორებს, ყველას, ვინც გვეხმარება ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით. მაგალითისთვის, ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი გერმანულმა "აირის-ტემ", ეს ნამდვილად ეფექტური სისტემაა. სამხედრო დახმარებისთვის რუსეთის ირანისადმი მიმართვა სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა. ათწლეულები ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ საკუთარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, თუმცა ისინი დახრილი თავებით წავიდნენ თეირანში, რათა საკმაოდ მარტივი დრონები და რაკეტები მიეღოთ. აუცილებლად უზრუნველვყოფთ ამაზე შესაბამის საერთაშორისო რეაქციას.“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.