სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპი პუტინის იდეას უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ მხარს არ უჭერს

ტემი ბრიუისი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის იდეას უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ მხარს არ უჭერს, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუისმა.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ჰქონდა წინადადება დროებითი ადმინისტრაციის შესახებ, რომელიც პრეზიდენტს [ტრამპს] არ მოეწონა. უკრაინა, არ მგონია, რომ ამის შეხსენება საჭირო იყოს, კონსტიტუციური დემოკრატიაა. მისი მართვა კონსტიტუციით არის განსაზღვრული, და მას უკრაინელი ხალხი კონსტიტუციის შესაბამისად მართავს“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზებით ემხრობა. „პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ცეცხლი ახლავე სრულად უნდა შეწყვიტონ“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, პუტინმა რამდენიმე დღის წინ უკრაინაში დროებითი მმართველობის იდეა გააჟღერა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის დროებითი მართვა, შესაძლოა, გაეროს ეგიდით მოხდეს.