რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს
1768497071
საერთაშორისო ლიბერალური წესრიგი სრულდება - ფაქტობრივად, შესაძლოა ის უკვე მკვდარიც კი იყოს, - წერს საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) დირექტორი და თანადამფუძნებელი, მარკ ლეონარდი სტატიაში სათაურით „ერთიანი დასავლეთი მკვდარია“, რომელსაც გამოცემა POLITICO ავრცელებს.
საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭო (ECFR) პანევროპული კვლევითი ცენტრია. იგი 2007 წლის ოქტომბერში დაარსდა და ატარებს კვლევებს ევროპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. ECFR-ის ოფისები განთავსებულია ბერლინში, ლონდონში, მადრიდში, პარიზში, რომში, ვარშავაში, ვაშინგტონსა და სოფიაში.
„საერთაშორისო ლიბერალური წესრიგი სრულდება. ფაქტობრივად, შესაძლოა ის უკვე მკვდარიც იყოს. თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა, გასულ კვირას სწორედ ამაზე ისაუბრა, როდესაც ვენესუელაში აშშ-ის ინტერვენციითა და დიქტატორ ნიკოლას მადუროს დაკავებით ტკბებოდა: „ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში... რომელიც იმართება ძალით, რომელიც იმართება ძალაუფლებით... ეს არის სამყაროს ურყევი კანონები“. თუმცა, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი თანაბრად არის პასუხისმგებელი კიდევ ერთ სიკვდილზე - ერთიანი დასავლეთის აღსასრულზე“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ლიდერები ყველანაირად ცდილობდნენ შეელამაზებინათ დონალდ ტრამპის უკანონო სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში და არ შეემჩნიათ მისი თავხედური მოთხოვნები გრენლანდიასთან დაკავშირებით, თავად ევროპელებმა უკვე გააცნობიერეს, რომ ვაშინგტონი უფრო მტერია, ვიდრე მეგობარი“.
იმ ფონზე, როდესაც ტრამპი ატარებს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკას, რაც ხშირად ევროპას უყურადღებოდ და იზოლაციაში ტოვებს, სხვა ქვეყნები ახლა ევროკავშირს განიხილავენ, როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ გეოპოლიტიკურ აქტორს. ეს ცვლილება ყველაზე დრამატული რუსეთში აღმოჩნდა, სადაც ამომრჩევლები აშშ-ის მიმართ ნაკლებად მტრულად განეწყვნენ. ორი წლის წინ რუსების 64 პროცენტი აშშ-ს მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 37 პროცენტზეა. ამის ნაცვლად, მათმა რისხვამ ევროპისკენ გადაინაცვლა, რომელსაც ახლა 72 პროცენტი მიიჩნევს ან მოწინააღმდეგედ, ან მეტოქედ - მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 69 პროცენტს შეადგენდა.
ამავდროულად, ვაშინგტონის პოლიტიკის ცვლილებამ რუსეთის მიმართ, მისი უკრაინის პოლიტიკის ცვლილებაც გამოიწვია. შედეგად, უკრაინელები, რომლებიც ადრე აშშ-ს თავიანთ უმთავრეს მოკავშირედ მიიჩნევდნენ, ახლა დაცვას ევროპაში ეძებენ. ისინი განასხვავებენ ერთმანეთისგან აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკას და თითქმის ორი მესამედი მოელის, რომ მათი ქვეყნის ურთიერთობა ევროკავშირთან გაძლიერდება, მაშინ როდესაც აშშ-ზე იმავეს მხოლოდ ერთი მესამედი ამბობს.
„წესებზე დაფუძნებული წესრიგი ადგილს უთმობს გავლენის სფეროებად დაყოფილ სამყაროს, სადაც ძალა ქმნის სამართალს, დასავლეთი კი შიგნიდან არის დაყოფილი. ასეთ სამყაროში შენ ხარ ან „პოლუსი“ საკუთარი გავლენის სფეროთი, ან სხვისი გავლენის ქვეშ მყოფი უმოქმედო დამკვირვებელი. ევროპელმა ლიდერებმა ყური უნდა დაუგდონ თავიანთ ამომრჩევლებს და უზრუნველყონ, რომ კონტინენტი პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდეს და არა მეორეს“, - დასძინა მარკ ლეონარდმა.