1789641528
საფრთხე, რომელსაც ვერ ვამჩნევთ! ძილის დროს მცირე შუქიც კი გულს აზიანებს - კვლევა
რა ხდება მაშინ, როცა ტელეფონი გვერდით არ გვიდევს, თუმცა, ოთახი სრულად ჩაბნელებული მაინც არ არის? მაგალითად, ფანჯრიდან ქუჩის განათება, მთვარის შუქი შემოდის ან ოთახში პატარა სანათი გვრჩება ჩართული. შეიძლება თუ არა ამან ჩვენი გულის ფუნქციონირება და სტრუქტურა სრულად შეცვალოს?
ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ნიუ-ორლეანში მოღვაწე სპეციალისტებმა კვლევაში 11 ათასზე მეტი ადამიანი ჩართეს. რა ხდებოდა უშუალოდ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას – 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს მაჯაზე სპეციალური მოწყობილობა ეკეთათ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მათზე მოხვედრილი სინათლის რაოდენობას ზომავდა. ეს შეიძლება დერეფნიდან შემომავალი შუქი, ოთახში დატოვებული პატარა სანათი, ან სხვა ხელოვნური განათება ყოფილიყო..
ინტენსივობა ზოგ შემთხვევაში დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც დაბლოკილ მდგომარეობაში სმარტფონის ეკრანს აქვს. ნაწილი კი სრულ სიბნელეში იმყოფებოდა.
ამ ამბიდან 3 წლის შემდეგ მეცნიერებმა მონაწილეებს გულისა და სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუატარეს. მათ სურდათ გაეგოთ, თუ რა გავლენა იქონია ძილის დროს მიღებულმა სინათლემ მოხალისეების გულის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე. შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ღამით ყველაზე მეტი სინათლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ – გულის მარცხენა პარკუჭის კედლები გასქელებული ჰქონდათ. უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენი მაყურებლისთვის - მარცხენა პარკუჭი გულის მთავარი ტუმბოა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს აწვდის. ის ასე ვთქვათ სისხლის მიმოქცევის წრის მთავარ „ძრავას“ წარმოადგენს. კედლების გასქელების დროს გულის კუნთი ნაკლებად მოქნილი ხდება და ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებს.გარდა ამისა, სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ გულისცემის დროს, გულის კუნთს სათანადოდ მოდუნება და სისხლით ხელახლა შევსება უჭირდა. კვლევის ავტორების თქმით, მსგავსი ნიშნები შესაძლოა, გულის ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იყოს.
კვლევის კიდევ ერთ, უფრო ფართო ნაწილში ისინი 70 ათასზე მეტ ადამიანს დაახლოებით 8-10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამჯერად სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, ღამის მანძილზე მაღალი სინათლის ზემოქმედებას მომავალში რა სახის ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევა შეეძლო.
შედეგები ასეთი იყო – ძილის დროს მცირე რაოდენობის სინათლის ზემოქმედება (დაახლოებით ისეთი როგორიც ტელეფონს დაბლოკილ მდგომარეობაში აქვს) დაკავშირებულია:
გულის უკმარისობის განვითარების 29%-ით უფრო მაღალ რისკთან;
ინფარქტის განვითარების 24%-ით უფრო მაღალ რისკთან;
ინსულტის განვითარების 33%-ით უფრო მაღალ რისკთან ;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილის 26%-ით უფრო მაღალ რისკთან;
ბუნებრივია, ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ჩნდება კითხვა: რატომ შეიძლება ჰქონდეს ღამით სინათლის ზემოქმედებას ასეთი ძლიერი გავლენა გულზე? ამაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, მეცნიერებს რამდენიმე შესაძლო ახსნა აქვთ. როდესაც ძილის დროს თვალს სინათლე ხვდება, ტვინი მას ე.წ. დღის სიგნალად აღიქვამს (ანუ მიიჩნევს, რომ უკვე გათენდა და ადგომის დროა) შედეგად მცირდება მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავება და ორგანიზმის ცირკადული ანუ ძილ-ღვიძილის რიტმი ირღვევა. ცირკადული რიტმი გულისცემისა და არტერიული წნევის რეგულირებაშიც მონაწილეობს. შედეგად, მისი ცვლილება, ორგანიზმს მოდუნებასა და იმ მდგომარეობაში გადასვლაში უშლის ხელს, როდესაც გულმა უნდა დაისვენოს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პროცესების ერთობლიობა დროთა განმავლობაში გულის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე უარყოფითად აისახება.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ყურადღება მხოლოდ იმაზე არ უნდა გავამახვილოთ, თუ რამდენ საათს გვძინავს - მნიშვნელოვანია ისიც, რა პირობებში გვძინავს. თავად ადამიანებისთვის კი რეკომენდაცია საკმაოდ მარტივია – ეცადეთ, საძინებელი ღამით მაქსიმალურად ჩაბნელებული იყოს. ამისთვის კი შეგიძლიათ მაქსიმალურად მუქი ფერის ფარდები გამოიყენოთ, მობილური ტელეფონი გვერდით ოთახში დატოვოთ და ნათურების მცირე ნათებაც კი მაქსიმალურად დაფაროთ.











