თბილისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია - კადრები ადგილიდან
1783257999
საფრანგეთის სამხრეთში მასშტაბური ტყის ხანძრები გრძელდება. სიცხისა და ძლიერი ქარის გამო ვითარება მკვეთრად გამწვავდა: ყველაზე მეტად აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტი დაზარალდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დეპარტამენტში გაჩენილმა ახალმა ხანძარმა მხოლოდ ერთ ღამეში ტრევინიაშის მახლობლად, მთიან მხარეში, დაახლოებით 930 ჰექტარი ტყე გაანადგურა. ადგილზე 580-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს, თუმცა რთული რელიეფისა და ამინდის პირობების გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ევაკუაცია ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, მაგრამ ვითარება დაძაბული რჩება.
საფრანგეთის სამხრეთ რეგიონები ხანძრის მაღალი საშიშროების რეჟიმში იმყოფებიან. მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ერთბაშად შვიდი დეპარტამენტი - ოდი, დრომი, გარი, ერო, აღმოსავლეთ პირენეი, ვოკლიუზი და ბუში-დიუ-რონი ხანძრის გაჩენის „ძალიან მაღალი რისკის“ ზონებად გამოცხადდა. რეგიონში ფიქსირდება ექსტრემალური სიცხე 38-40 °C-მდე, ასევე ძლიერი ქარი, რაც ხელს უწყობს ცეცხლის გავრცელებას.
საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ წელს ტყის ხანძრების სეზონი ჩვეულებრივზე დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიწყო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა შეშფოთება გამოხატა ვითარების განვითარების გამო და აღნიშნა, რომ სიცხის, გვალვისა და ქარების ერთობლიობის გამო, ქვეყანა შესაძლოა ტყის ხანძრების მძიმე სეზონის წინაშე აღმოჩნდეს.