„საფრანგეთისთვის ეს ცუდი სიურპრიზია, ევროპარლამენტის მიმართ კი უპატივცემულობა“ - მაკრონი ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის შეთანხმების დროებით ამოქმედებაზე

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „მერკოსურთან“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროებით ამოქმედების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„საფრანგეთისთვის ეს სიურპრიზია, ცუდი სიურპრიზი, ხოლო ევროპარლამენტის მიმართ უპატივცემულობა“, – განაცხადა მაკრონმა.

მედიის ცნობით, როგორც წესი, მსგავსი შეთანხმებების ამოქმედებამდე ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების, ასევე ევროპარლამენტის თანხმობას ელოდება.

შეგახსენებთ, 21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და „მერკოსურის“ ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება შეაჩერა. კერძოდ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ევროკავშირსა და „მერკოსურის“ ქვეყნებს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოს გადაეგზავნოს. ევროპარლამენტი ევროკავშირის სასამართლოს სთხოვს, გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა შეთანხმების ცალკეული ნაწილები ევროკავშირის ხელშეკრულებებს.

დღეს კი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დროებით ამოქმედდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება „სრულად მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ევროპარლამენტი დაადასტურებს“.