საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია: რკინიგზაზე მომხდარი ვანდალური აქტის გამო, 800 ათასამდე მგზავრი დაზარალდება

სარკინიგზო კომპანია

საფრანგეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია SNCF-ში აცხადებენ, რომ სარკინიგზო სისტემის შეფერხების გამო დღეს, შესაძლოა, 250 ათასამდე მგზავრი დაზარალდეს, ხოლო კვირის ბოლომდე მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 800 000-ს მიაღწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ასევე, ჩქაროსნული რკინიგზის კომპანია Eurostar-ში, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმოსვლას უზრუნველყოფს, განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ლონდონსა და პარიზს შორის მიმოსვლა შეზღუდულია. მათივე ინფორმაციით, ყველა ჩქაროსნული მატარებელი პარიზიდან გადამისამართდება, რაც მგზავრობის დროს დაახლოებით საათ-ნახევრით გაახანგრძლივებს. რეისების ნაწილი კი გაუქმებულია.

საფრანგეთის დაზვერვაში „სიენენს“ განუცხადეს, რომ ქვეყნის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული, რომ მომხდარში დამნაშავე პირები გამოავლინონ.

წყაროს თქმით, დაზვერვაში აცხადებენ, რომ „მსგავს მეთოდებს წარსულში ულტრამემარცხენეები იყენებდნენ“, მაგრამ „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დღევანდელი ქმედებები მათ უკავშირდება“.

საფრანგეთში ჩქაროსნული რკინიგზის ოპერატორი კომპანია SNCF-ი აცხადებს, რომ სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური აქტები განხორციელდა, რამაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეაფერხა.