საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელ კოლეგასთან ირანში მიმდინარე ომზე ისაუბრა, მხარეები დეესკალაციის მიმართულებით მუშაობაზე შეთანხმდნენ

ჟან-ნოელ ბარო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ სატელეფონო საუბარი გამართა ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან, ირანში მიმდინარე ომის საკითხზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა დეესკალაციის მიმართულებით მუშაობაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრები შეთანხმდნენ პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებაზე, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიურ უსაფრთხოებას და გაითვალისწინებს ირანელი ხალხის მისწრაფებებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანი პასუხისმგებელია მიმდინარე ესკალაციაზე, მას შემდეგ, რაც „თეირანმა რეგიონში რამდენიმე ქვეყანას უსამართლოდ შეუტია“.

ბარომ ასევე გააკრიტიკა ირანი იმის გამო, რომ თეირანმა არ დაიცვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. კერძოდ, ბირთვულ პროგრამასთან, ბალისტიკურ აქტივობებთან და უკანონო შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ასევე კეთილსინდისიერი მრავალმხრივი მოლაპარაკებების უარყოფისთვის.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ იყო ჩართული შეერთებული შტატებისა და ისრაელის ქმედებებში და მათ შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონია.

მისივე თქმით, ქვეყნებმა „პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ საერთაშორისო ინსტიტუტებს დავების მოსაგვარებლად და საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენების დროსაც“.

ორი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დიალოგს გააგრძელებენ.