საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას მხარი დაუჭირა

სმარტფონი

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებში შესვლის აკრძალვას მხარი დაუჭირა. კერძოდ, კანონპროექტს 130-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 21-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტს ახლა საფრანგეთის სენატმა უნდა უყაროს კენჭი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა პარლამენტარებს, დააჩქარონ პროცესი, რათა კანონი მომავალი სასწავლო წლიდან ამოქმედდეს.

„ჩვენი შვილების ტვინი არ იყიდება არც ამერიკული პლატფორმებისთვის, არც ჩინური ქსელებისთვის. მათი ოცნებები არ შეიძლება იყოს ნაკარნახევი ალგორითმებით. ჩვენ არ გვინდა თაობა, რომელიც შფოთავს, არამედ თაობა, რომელსაც სჯერა საფრანგეთის რესპუბლიკის და მისი ღირებულებების“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

კანონპროექტი პარტია „რენესანსის“ წევრმა, ლორ მილერმა წარადგინა. ის 15 წლამდე ბავშვებისთვის კრძალავს როგორც სოციალური მედიის, ასევე საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას. კანონპროექტი საბოლოოდ თუ დამტკიცდება, ავსტრალიის შემდეგ საფრანგეთი გახდება მეორე ქვეყანა, რომელიც ასეთ კანონს მიიღებს. ავსტრალიამ დეკემბრის დასაწყისში აკრძალა სოციალური მედიის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ბავშვებისთვის სოციალური ქსელის აკრძალვას განიხილავს, პარალელურად კი, ფიქრობენ, რომ სკოლებში ტელეფონების გამოყენება გამკაცრდეს.