ისრაელის თავდაცვა ინფორმაციას ავრცელებს
1749881067
საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
„საფრანგეთმა არაერთხელ დაგმო ირანის მიმდინარე ბირთვული პროგრამა და საპასუხოდ მიიღო ყველა შესაბამისი დიპლომატიური ზომა. ამ კონტექსტში, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.
მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად, მოვუწოდებ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ. ირანსა და მის ბირთვულ პროგრამაზე ისრაელის დარტყმების შემდეგ, დღეს დილით მოვიწვიე ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭო. მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა ჩვენი მოქალაქეების და რეგიონში ჩვენი დიპლომატიური და სამხედრო მისიების დასაცავად. ასევე განხორციელდება ყველა ზომა ჩვენი ეროვნული ტერიტორიისა და ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის უზრუნველსაყოფად.
საფრანგეთი მზად არის, ითანამშრომლოს ყველა თავის პარტნიორთან დეესკალაციის უზრუნველსაყოფად. რეგიონში ყველასთვის მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი წამყვანი პრინციპი უნდა დარჩეს“, – წერს მაკრონი.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა საუდის არაბეთის პრინცს, იორდანიის მეფეს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, კატარის ემირს, გერმანიის კანცლერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს.