საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელი

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლაშა ჟვანია, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

,,ისრაელში მყოფ თანამემამულეებს შეგახსენებთ უსაფრთხოების წესებს განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში: 

შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში.

თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. 

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ქართველი დიპლომატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცნობისთვის, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო შეტევა მიმდინარეობდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, თელ ავივის და აშკელონის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ადგილობრივი მედია წერდა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტები უმრავლესობა გაანეიტრალა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ქალაქ სდეროთში რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები არაბულ ანკლავში რაკეტის გამშვებ მოწყობილობებს ბომბავდა.

პალესტინური სამხედრო დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყო ისრაელის ავიაციაც.

ამ საღამოს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის შუამავლობით ისრაელს და ღაზას სექტორში მოქმედ „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა.

პარალელურად, ისრაელის მთავრობა ეგვიპტისგან ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიღებას ადასტურებს, თუმცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი აცხადებს, რომ ამჟამად ისრაელი ეგვიპტის შეთავაზებას აანალიზებს. ისრაელის მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეფასდება ადგილზე არსებული ვითარებით და არა სიტყვებით.

არაბულ ანკლავში ისრაელის ორდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაშავებულია 64 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დროს ისრაელმა საბრძოლო მოქმედებებში პირველად გამოსცდა საჰაერო თავდაცვის სისტემა „დავითის შურდული“, რომელმაც წარმატებით გაანეიტრალა თელ ავივის რეგიონში ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა. სისტემას რაკეტებზე ზემოქმედება 300 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 270 რაკეტა ისროლეს, მათ შორის საზღვარი 205-მა რაკეტამ გადალახა, 62 რაკეტა კი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. სამი რაკეტა საქალაქო ზონაში ჩავარდა, დანარჩენი ცარიელ ტერიტორიებზე.