საბერძნეთში პოლიციამ მიტოვებულ შენობაში, ჩემოდანში ქალის ცხედარი იპოვა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი

საბერძნეთის პოლიცია

18 iივლისს, საბერძნეთში, კიფსელზე მიტოვებულ შენობაში საეჭვო ჩემოდნის აღმოჩენის გამო განგაში გამოცხადდა. საბერძნეთის პოლიციამ დაადგინა, რომ ჩემოდანში იყო ქალის ცხედარი, რომელიც უკვე იხრწნებოდა.

ჩემოდანი უსახლკარო მამაკაცმა იპოვა, რომელმაც სამართალდამცველებს შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ შიგნით ქალის ცხედარი ესვენა. არსებული ინფორმაციით, ქალს შორტები ეცვა.

საქმეზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კრიმინალისტების მუშაობისა და მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, ტერიტორია პოლიციამ ოპერატიულად გადაკეტა. პარალელურად, ელოდებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც ზუსტად უნდა დაადგინოს გარდაცვლილის ვინაობა, სიკვდილის დრო და მიზეზი.

ცნობილია, რომ მიტოვებული შენობა, სადაც ჩემოდანი იპოვეს, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ღია იყო და მას უსახლკაროები აფარებდნენ თავს, თუმცა იქ გაჩენილი ხანძრის შემდეგ ობიექტი დაილუქა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ბოლო კვირებში ამ ტერიტორიაზე ხშირად ხედავდნენ ერთ-ერთ უსახლკარო მამაკაცს, რომელიც ბოლო დღეებში მოულოდნელად გაუჩინარდა.