საავადმყოფოში ჩვილები აერიათ და დედებს სხვისი შვილები გაატანეს - საქმე 23 წლის შემდეგ სასამართლომ განიხილა

ჩვილი

ესპანეთის სასამართლომ საავადმყოფოში შეცდომით შეცვლილი ჩვილების საქმე წლების შემდეგ გაარჩია და  საავადმყოფოს   დიდი ოდენობის ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ The Brussels Times წერს.

ისტორია 2002 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ქალაქ ლაგრონიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გაურკვეველი მიზეზით ორი ახალშობილი ერთმანეთში აერიათ. სიმართლე მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაირკვა, როდესაც ერთ-ერთმა გოგონამ დნმ-ის ტესტი ჩაიტარა. გენეტიკის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ქალმა სასამართლოს მიმართა და სარჩელი სამშობიარო სახლის წინააღმდეგ შეიტანა. 2021 წელს შეცვლის ფაქტი საბოლოოდ დადასტურდა ორივე ოჯახის შემთხვევაში. მიზეზად „ადამიანური ფაქტორი“ დასახელდა.

2025 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ რეგიონული ჯანდაცვის სამსახური ვალდებულია ქალს კომპენსაცია გადაუხადოს შეცდომის „შეუქცევადი შედეგების“ გამო. სასამართლო გადაწყვეტილებაში განსაკუთრებით აღინიშნა, რომ დაზარალებულმა დაკარგა შესაძლებლობა, გაეცნო თავისი ბიოლოგიური დედა, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა.

საბოლოოდ, ხელისუფლებამ 23 წლის მოსარჩელეს 850 ათასი ევროს  კომპენსაცია შესთავაზა, თუმცა მან და მისმა ადვოკატმა ეს თანხა არასაკმარისად მიიჩნიეს. მეორე დაზარალებული სასამართლოს გზით სამი მილიონი ევროს  მოთხოვნას აყენებს.

განაჩენი საბოლოო არ არის: როგორც მოსარჩელეებს, ისე ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, გადაწყვეტილება ესპანეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ.