შსს განცხადებას ავრცელებს

შსს

შსს ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ქალაქ გორში სამართალდამცველები ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მიმდინარე წლის 3 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული პირი, რომელიც აგრესიულად იქცეოდა და დააზიანა მოქალაქის ავტომობილი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დაკავების პროცესში, შემთხვევის ადგილზე, მისმა თანმხლებმა პირმა, 2005 წელს დაბადებულმა, ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლუკა თოფჩიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა და პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, სახეში დაარტყა მუშტი პოლიციელს, რის შემდეგაც დააპირა მიმალვა და სცადა მეორე პოლიციელის ცემა, რომელიც მას დაედევნა. თუმცა, სამართალდამცველებმა ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველის მიმართ ძალადობით განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება!

სამწუხაროდ, ბოლო დროს, კრიმინალთან უპრეცედენტო ბრძოლის პარალელურად, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან კიდევ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება პოლიციელების მიმართ აბსოლუტური ტყუილის დაბრალება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს შეეგუოს პოლიციელთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და ყველა ასეთ ფაქტზე მოვახდენთ საზოგადოების დეტალურ ინფორმირებას და დეზინფორმატორთა მხილებას!“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.