რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა - დიმიტრი პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს წინ რთული და გრძელი გზა აქვთ.

„ჩვენ ვიმყოფებით ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე. გზა საკმაოდ გრძელი და რთული იქნება. ორმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა გამოხატეს პოლიტიკური ნება ამ მიმართულებით“,- განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„მათ შორის სატელეფონო კონტაქტები არც ისე ხშირია. ფაქტობრივად, მათ მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ საუბარი“,- განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთში მოლაპარაკებებს გამართავენ.