1746733863
რუსეთს არ შეუძლია, ჰქონდეს იმედი, რომ გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც მას ჯერ არც კი დაუპყრია - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ზედმეტად დიდი“ უწოდა მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთმა წამოაყენა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დროს და განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია, იმედი ჰქონდეს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც მას ჯერ არც კი დაუპყრია. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი მოითხოვდა ზედმეტად ბევრს, იმიტომ, რომ რუსული აღქმა ომის მიმდინარეობაზე არის ის, რომ ისინი იმარჯვებენ. და, რა თქმა უნდა, უკრაინელებს სურთ ზავის მიღწევა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე თვე მათთვის არ იყო მარტივი. ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ჩვენ არ გვსურს უკრაინის მარცხი. ჩვენ, ცხადია, გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, მაგრამ რუსეთს არ შეუძლია, იმედი ჰქონდეს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც მას ჯერ არც კი დაუპყრია. სწორედ ამას გვთავაზობდა ის თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში“, – განაცხადა ვენსმა.
როგორც ვენსმა აღნიშნა, პროგრესია ის, რომ რუსეთი და უკრაინა მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და სთავაზობენ „კონკრეტულ სამშვიდობო გეგმებს“, თუმცა ასევე განაცხადა, რომ აშშ გავა მოლაპარაკებებიდან იმ შემთხვევაში, თუ გაიგებს, რომ რუსები არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში ან არ იქცევიან გულწრფელად.
„და თუ ეს მოხდება, დიახ, ჩვენ გავალთ. პრეზიდენტი იტყვის: ჩვენ გავდივართ ამ პროცესიდან. ეს კი არსებითად ნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას მოუწევთ ამ საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა – შეერთებული შტატების რჩევებისა და შუამდგომლობის გარეშე. და არ მგონია, რომ ეს კარგია – არც ჩვენთვის, არც რუსეთისთვის, არც უკრაინისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ეს მხარეები კიდევ უფრო დავაახლოვოთ, რათა მივაღწიოთ მდგრად მშვიდობას. ჩვენ ჯერ იქ არ ვართ. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, ვიდრე არ გადავწყვეტთ, რომ შემდგომი პროგრესი შეუძლებელია. და მაშინ ჩვენ გამოვალთ“, - განაცხადა ვენსმა.