სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მიდგომა, როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, მშვიდი სახეებით იტყვიან, ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევითო - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მიდგომა. როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, არაფერში ვერევითო, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, სადაც ჰერჩნსკიმ აღნიშნა: „ჩემი საქმე არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელმა პარტიამ რა უნდა ქნას“.

მაჭავარიანის თქმით, ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ელჩები პირდაპირ ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში.

„უამრავი მაგალითი შეგვიძლია, გავიხსენოთ, მაგალითად, 27-ვე ქვეყნის ელჩმა რომ დემარში მოგვიწყო, თითქოს სააკაშვილს ვკლავდით და ვაწამებდით. შეგვიძლია, გავიხსენოთ კელი დეგნანი, როდესაც მოსამართლე დაიბარა და ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვა. ასევე ჰერჩინსკი ძალიან უხეშად ერეოდა წინასააჩევნო პერიოდში და ირიბად, შეგვიძლია, პირდაპირაც ვთქვათ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისთვის“ არ მიეცათ ხმა. იგივე საარჩევნო პერიოდში გვახსოვს დანიისა და ნორვეგიის საელჩოების ფულით როგორ ფინანსდებოდა ე.წ დემოკრატიის ფესტივალი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აგიტაციას უფინანსებდნენ. ბოლო დროს გვახსოვს გერმანიის ელჩის ძალიან ბევრი დეზინფორმაციული განცხადება, რომელზეც შემდეგ მას ახნა-განმარტება უწევს. გვახსოვს, ელჩები როგორ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, რათა ამით ხელოვნური ზეწოლა განეხორციელებინათ მოსამართლეების მიმართ. ასევე, მაგალითად, საფრანგეთის ელჩის ქმედება, როდესაც გრანტების კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გრანტი გასცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე, რომელზეც ახნა-განმარტება არ გაუკეთებია. ჰერჩინსკის და სხვა ელჩების დუმილი – ხმას არ იღებენ, როდესაც ევროკავშირიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აქ კლასიკურ, ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს ეწევიან და ფსიქოლოგიურად ძალადობენ მოქალაქეებზე თუ პოლიტიკოსებზე. ამას არ გმობენ, ამ ყველაფერს ჩვეულებრივად ხვდებიან და ამით ირიბად და პირდაპირ ძალადობას ახალისებენ. კარგად გვახსოვს, მათივე დაფინანსებული „ენჯეობი“ როგორ აქვეყნებდნენ პოლიტიკოსების პირად ინფორმაცია, საჯაროდ აცხადებდნენ, მივუვარდეთ, დავაბულინგოთ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ მათი ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილებიო. ამ საკითხზეც რატომღაც ჰერჩინსკის კომენტარი არ გვახსოვს. ეს ყველაფერი პირდაპირ ჩარევაა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, რომელსაც პოზიტიურად ვერ შევაფასებ. დესტრუქციული ტიპის ჩარევაა. რაღაც საკითხი როცა დგება ისე, რომ მათ ამ ყველაფრის აღიარება არ აწყობთ, ძალიან მშვიდი სახეებით იტყვიან, არა, ჩვენ როდის ჩავრეულვართ, ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევითო“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.