რუსეთმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ხერსონი შვიდჯერ დაბომბა

ხერსონი

რუსეთმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონი შვიდჯერ დაბომბა მართვადი საავიაციო ბომბებით, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის მიმართულების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის უფროსი ნატალია გუმენიუკი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავდა კიდევ ორი პირი, დაზიანებულია რეგიონის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რუსეთი მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს დარტყმებს, რათა უკრაინელი ძალების მომარაგების ჯაჭვი დაარღვიოს.

ამასთან, გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით რვა კამიკაძე დრონი გაუშვეს, რომელთაგან შვიდის ჩამოგდება უკრაინელებმა შეძლეს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში კვლავაც ისმოდა აფეთქებების ხმა, მათ შორის სევასტოპოლში. ამის გამო ყირიმის ხიდზე დროებით შეწყვეტილი იყო გადაადგილება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ყირიმის ტერიტორიაზე ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.