რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაზე თავდასხმებს განაგრძობს

კიევი

უკრაინაში ომი გრძელდება, რუსეთის თავდასხმის სამიზნე ხარკოვის ოლქი გახდა, ქალაქ კუპიანსკში, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დაშავებულია 6 წლის ბავშვი.

კიევზე და უკრაინის ქალაქებზე მასირებულ თავდასხმას, რომელიც ოკუპანტმა 7 ოქტომბერს ღამით განახორციელა, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა.

როგორც გენერალმა კიტ კელოგმა "იქსის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, თავდასხმა არ იყო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს.

კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმაც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მეორე ეტაპისთვის მზად არის.

ამასთან ერთად, თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ პუტინთან რამდენიმე დღეში ისაუბრებს.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას განახლებული მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 44-ზე მეტი.

პუტინთან მოლაპარაკებებზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ალასკის სამიტმა რუსეთის პრეზიდენტს მისცა ის, რაც მას უნდოდა. რაც ზელენსკის თქმით, სამწუხაროა.

უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ კრემლის ლიდერთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში ჩასვლა არ შეუძლია, რადგან მისი ქვეყანა ყოველდღე თავდასხმის სამიზნეა.