რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს, სადაც „ეფ-16“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებია განლაგებული

სამხედრო თვითმფრინავები

რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს, სადაც „ეფ-16“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებია განლაგებული. რუსული მედია ქვეყნის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 9-10 ნოემბრის პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების, „კინჟალის“ გამოყენებით განხორციელდა დარტყმა კიევის ოლქში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ელექტრონული დაზვერვის ცენტრსა და ხმელნიცკის ოლქში მდებარე სტაროკონსტანტინოვის აეროდრომზე.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ უკრაინისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოების ოპერაცია ჩაშალეს, რომლის მიზანიც იყო კინჟალის ჰიპერბგერითი რაკეტით აღჭურვილი გამანადგურებლის გატაცება.

რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, არსებულ ვითარებაში მოწინააღმდეგის მიერ თვითმფრინავის გატაცებისა და ნატოს ტერიტორიაზე ჩამოგდების გეგმებმა შესაძლოა არაპროგნოზირებადი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

სადაზვერვო სააგენტომ განმარტა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო რუსი პილოტების გადაბირებას ცდილობდა, რაშიც მათ სამ მილიონ დოლარს დაჰპირდა. კიევმა ერთ-ერთ პილოტს დასავლური მოქალაქეობა შესთავაზა.

რუსული მედიის თანახმად, შტურმანს მოუწოდეს, თვითმფრინავის გატაცების შემთხვევაში პილოტი მოეკლა ან დამამშვიდებელი საშუალება მიეცა. რუსული მედიის თანახმად, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დაგეგმა MiG-31-ის გაგზავნა რუმინეთში, კონსტანცაში, ნატოს ბაზის ტერიტორიაზე, სადაც მისი ჩამოგდება შეიძლებოდა საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ამით პროვოკაციის მოწყობა.