რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა

რუსეთი

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ხელი მოეწერა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლის გადაწყვეტილებას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და რეგიონების სეპარატისტმა ლიდერებმა ამ ე.წ. შეთანხმებას 30 სექტემბერს კრემლში მოაწერეს ხელი. 2 ოქტომბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ისინი ძირითადი კანონის შესაბამისად ცნო. 3 ოქტომბერს კი ე.წ. შეთანხმებები რატიფიცირებულ იქნა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიერ.

როგორც მედია იუწყება, ანექსირების უკანონო შეთანხმებებით, რეგიონების საზღვრები სხვა ქვეყნების ტერიტორიის მიმდებარედ, არის რუსეთის სახელმწიფო საზღვარი. 2026 წლის პირველ იანვრამდე ანექსირებულ ტერიტორიებზე იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის საკითხების მოსაგვარებლად. ამავე ვადაში უნდა გადაწყდეს ახალი რეგიონების ინტეგრაციის საკითხები რუსეთის ეკონომიკურ, ფინანსურ, საკრედიტო და სამართლებრივ სისტემებში, ასევე სამთავრობო ორგანოების სისტემაში. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ე.წ. შეთანხმებები ხელმოსაწერად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაეგზავნება.