რუსეთი და ირანი გმობენ აშშ-ის თავდასხმას ვენესუელაზე

ვენესუელა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო დაკავებულია და ქვეყნიდანაა გაყვანილი - მას მერე, რაც აშშ-მა ვენესუელაზე მიიტანა მასშტაბური შეტევა, რომელსაც ირანი და რუსეთი გმობენ.
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია 3 იანვარს დაიწყო - ვაშინგტონის მხრიდან რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ზეწოლის შემდეგ სამხრეთ ამერიკის ამ სახელმწიფოზე.

დეტალები კვლავ ბუნდოვანი რჩება, თუმცა როგორც აშშ-ის სენატორი, მაიკ ლი ამბობს, მას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უთხრა, რომ მადურო აშშ-ის ძალებმა დააპატიმრეს და ის აშშ-ში წარდგება სასამართლოს წინაშე.

რუბიო "აღარ მოელის მოქმედებას ვენესუელაში, ახლა, როცა მადურო აშშ-ის მიერაა დაკავებული" - წერს ლი პლატფორმაზე X.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან "შეიარაღებული აგრესიის აქტი ვენესუელის წინააღმდეგ" და განაცხადა, რომ ნებისმიერი საბაბი, რომელიც ამგვარ ქმედებას გაამართლებს, საფუძველსაა მოკლებული.

"კიდევ ერთხელ ვაცხადებთ სოლიდარობას ვენესუელის ხალხის, და მხარდაჭერას ბოლივარიული ხელმძღვანელობის სამოქმედო კურსის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას" - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამინისტრო დასძენს, რომ ლათინური ამერიკა "მშვიდობის ზონად" უნდა დარჩეს.