რუსეთ-უკრაინის ომმა შეჩერებასთან ყველაზე ახლო წერტილს მიაღწია - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჰაკან ფიდანი

თურქეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა დასრულებასთან ყველაზე ახლო წერტილს მიაღწია. ჰაკან ფიდანის განცხადებით, კონფლიქტი ყველა მხარისთვის გამოფიტვის ომად იქცა და დიდი ხარჯების წყარო.
„ეს გამოფიტვის ომად გადაიქცა. რეალურად, არცერთი მხარე ბევრს არ იღებს. პირიქით, ორივემ ერთმანეთს უზარმაზარი განადგურება მიაყენა“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულება ევროპელ ლიდერებსაც სურთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონფლიქტში უშუალოდ არ არიან ჩართულები, უკრაინის მხარდაჭერა სულ უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ფიდანის განცხადებით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს.

„ომი უნდა დასრულდეს. მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებები გარდაუვალია. ეს შეიძლება მოხდეს თურქეთში, შეიძლება მოხდეს სხვაგან, მაგრამ მჯერა, რომ მშვიდობა აუცილებლად დადგება“, - აღნიშნა ფიდანმა.