პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სარა პოლსონისა და პედრო პასკალის ერთგული მეგობრობა სამ ათწლეულს ითვლის. ჰოლივუდის ორი გამორჩეული მსახიობის ურთიერთობა კი მათი ფანებისა და მედიისთვისაც კარგად ცნობილი ამბავია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში პოლსონმა ადრეული 2000-იანი წლები გაიხსენა, როცა პასკალს უჭირდა, ჰოლივუდში ფეხი მოეკიდა და როლები მიეღო. სწორედ ამ რთულ პერიოდში დაუდგა სარა მეგობარს გვერდში და ფინანსურადაც დაეხმარა.
„ამაზე საჯაროდ თავადაც უსაუბრია", - ჰყვება პოლსონი ინტერვიუში, - "იყო დრო, როცა ჩემი საქმიდან მიღებულ ყოველდღიურ ანაზღაურებას ვაძლევდი, რათა საკვებისთვის ფული ჰქონოდა".
პოლსონი და პასკალი ერთმანეთს 1993 წელს შეხვდნენ, როცა ეს უკანასკნელი ნიუ-იორკში სასწავლებლად ჩავიდა. სარას თქმით, იმ პერიოდში ისინი მუდმივად დადიოდნენ კინოში ერთად, რადგან რაღაცებისგან "მენტალურად, ემოციურად და სულიერად გაქცევა" სჭირდებოდათ.
სწავლის დასრულების შემდეგ, პასკალი ლოს-ანჯელესში გადავიდა და სამსახიობო კარიერის დაწყება სცადა. რამდენიმე სერიალში მონაწილეობის მიუხედავად, პედრო საკმარისს მაინც ვერ გამოიმუშავებდა, ამიტომ ნიუ-იორკში დაბრუნდა და 2000 წელს ისევ სცადა კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრება.
"ვფიქრობდი, რომ თუკი 29 წლამდე რაიმე მნიშვნელოვან როლს არ შევასრულებდი, ყველაფერი დასრულებული იყო", - იხსენებს პასკალი, - "მაშინ გადავაფასე, რას ნიშნავდა ამ პროფესიისთვის ცხოვრების მიძღვნა და არა ის, რაც ბავშვობაში წარმომედგინა".
პედრო არ დანებებულა და მისმა მცდელობამ შედეგიც გამოიღო - HBO-ის The Last of Us-სა და დისნეის The Mandalorian-ში მონაწილეობის შემდეგ, დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსახიობად მიიჩნევა.