„როიტერი“ - აშშ-ის თავდაცვის მდივანმა იემენელ „ჰუსიტებზე“ თავდასხმის დეტალები კიდევ ერთ ჯგუფურ ჩატში გააზიარა, რომლის წევრებიც მისი მეუღლე, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ

პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა მარტში იემენელ „ჰუსიტებზე“ განხორციელებული თავდასხმის დეტალები Signal-ის კიდევ ერთ ჯგუფურ ჩატში გააზიარა, რომლის წევრებიც მისი მეუღლე, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

წყაროს ინფორმაციით, მეორე ჩატში დაახლოებით ათი ადამიანი იყო დამატებული. როგორც მედია აღნიშნავს, ჩატი შეიქმნა ჰეგსეტის კანდიდატურის პენტაგონის ხელმძღვანელის პოზიციაზე დამტკიცების დროს, ადმინისტრაციული საკითხების განსახილველად და არ იყო დაკავშირებული სამხედრო დაგეგმვასთან. წყაროს თქმით, ჩატში განიხილებოდა საჰაერო დარტყმების განრიგის დეტალები.

როგორც „როიტერი“ წერს, პენტაგონში მომუშავე მაღალჩინოსნები ეჭვქვეშ აყენებენ, რომ ჰეგსეტმა თანამდებობის შენარჩუნება შეძლოს ბოლო სიახლეების შემდეგ. ამ ცნობების ფონზე პენტაგონის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა განაცხადა, რომ მედია ენთუზიაზმით იღებს უკმაყოფილო,ყ ოფილი თანამშრომლების საჩივრებს, როგორც ერთადერთ წყაროს თავიანთი სტატიისთვის.

ცნობისთვის, მარტის თვეში The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონლად ტრამპის მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა იგი Signal-ის ჩატში შეცდომით დაამატა, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იემენში დარტყმებს განიხილავდნენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ჩატში არ ყოფილა რაიმე საიდუმლო ინფორმაცია.