როგორ უპასუხა უკრაინამ იმ სახელმწიფოებს, რომელთა წარმომადგენლებიც 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრნენ

აღლუმი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დემარში გამოუცხადა სახელმწიფოებს, რომელთა წარმომადგენლებიც 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კრემლის მიერ 9 მაისს ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრებას მსხვერპლთა და გმირების ხსოვნისადმი პატივის მიგებასთან საერთო არაფერი აქვს.

სამინისტროში უკრაინაში იმ ქვეყნების აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაიბარეს, რომელთა უმაღლესი ხელისუფლების პირების მოსკოვში სამხედრო აღლუმზე იყვნენ და ყველას დემარში გამოუცხადეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი კისლიცას განცხადებით, „რუსული აგრესიის, უკრაინელების მასობრივი მკვლელობების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების პირობებში აგრესორი სახელმწიფოს აღლუმზე უცხოეთის სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირების დასწრება არამეგობრული ნაბიჯია“.

9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა.

აღლუმი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა ჩაიბარეს.

ღონისძიებას დაესწრნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი.

მოსკოვში აღლუმზე დასასწრებად აგრეთვე ჩავიდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერებიც, კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები.