REUTERS: ტრამპმა ვენესუელასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეწყვიტა

trampi

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მიზნით ვენესუელასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

„როიტერის“ ცნობით, ტრამპმა ვენესუელასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მცდელობები შეაჩერა და თავის სპეციალურ წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს, დიპლომატიური კონტაქტების შეწყვეტის დავალება მისცა.

ამასთან, 5 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედროებს განუცხადა, რომ ვენესუელას სანაპიროსთან აშშ-ის მიერ გემებზე განხორციელებულმა დარტყმებმა შეაჩერა ზღვით ნარკოტიკების გადატანა და ახლა აშშ-ს „მოუწევს ხმელეთის დათვალიერება“.

თეთრი სახლის მიერ დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ განუცხადა, რომ ტრამპს ვენესუელაში სარაკეტო დარტყმების განხორციელების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრამპი იანვარში თეთრ სახლში დაბრუნდა.

აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებისთვის დაწესებული ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ტრამპის ადმინისტრაცია მადუროს ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კარტელებთან კავშირში სდებს ბრალს.