Reuters: სირიაში ბაშარ ასადის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 14 პოლიციელი დაიღუპა

სირია

სირიაში, ტარტუსის რეგიონში დამხობილი პრეზიდენტის ბაშარ ასადის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 14 პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეტაკების შედეგად ასევე დაშავდა 10 სამართალდამცველი. სირიის ახალმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ მკაცრ ზომებს მიიღებს ყველას წინააღმდეგ, ვინც გაბედავს, შეარყიოს ქვეყნის უსაფრთხოება ან საფრთხე შეუქმნას მისი მოქალაქეების სიცოცხლეს.

რა გახდა არეულობის მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ დემონსტრაციები დაკავშირებული იყო ბოლო დღეებში ალავიტების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და ძალადობასთან. ალავიტები დიდი ხნის განმავლობაში ასადის ერთგულად ითვლებოდნენ.

მანამდე, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ჰომსში ერთი დღით „კომენდანტის საათი“ დააწესა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივი ალავიტებისა და შიიტი მუსლიმების რელიგიური თემების წევრების დემონსტრაციების შემდეგ არეულობა დაიწყო.