Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე საფასურის დაწესებას განიხილავენ

witeli zgva

იემენელი „ჰუსიტები“ წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში მოძრავი კომერციული გემებისთვის საფასურის დაწესებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „ჰუსიტებმა“ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ერთი კვირის წინ მათ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ 20 ივლისს საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ემბარგო გამოაცხადეს. ამით მათ ირანთან ომის ფონზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნეს და გლობალური ენერგომატარებლებისა და სხვა ტვირთების გადამზიდავ ტანკერებზე თავდასხმები სპარსეთის ყურის ფარგლებს გარეთაც გააფართოეს.

წყაროების ინფორმაციით, „ჰუსიტები“ განიხილავენ საფასურის დაწესებას გემების უმეტესობისთვის, რომლებიც ბაბ ელ-მანდების სრუტით გადაადგილდებიან. ეს ვიწრო საზღვაო დერეფანი სამხრეთ წითელ ზღვას ადენის ყურესთან აკავშირებს. ამ ეტაპზე გადაწყვეტილების ამოქმედების კონკრეტული ვადები ცნობილი არ არის.

Reuters-ის ინფორმაციით, ივლისში „ჰუსიტების“ წარმომადგენლები ირანში ჩავიდნენ, სადაც ისლამური რესპუბლიკის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. თეირანში მათ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ბაბ ელ-მანდების სრუტით გადაადგილებისთვის საფასურის დაწესების საკითხი განიხილეს.

წყაროების თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზანია საერთაშორისო საზღვაო გზებით სარგებლობისთვის საფასურის დაწესების პრაქტიკის ნორმალიზება და შეერთებულ შტატებზე ზეწოლის გაზრდა. მათივე ინფორმაციით, ჩინური გემები ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან და „ჰუსიტები“ ასეთ მიდგომას მხარს უჭერენ.

როგორც Reuters-ი ადრე იუწყებოდა, ჩინეთმა „ჰუსიტებთან“ პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა, რათა მის ტანკერებს წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში გადაადგილება თავდასხმების გარეშე შეძლებოდათ. ჩინეთი საუდის არაბეთის ნავთობის მსოფლიოში უდიდესი შემსყიდველია.

ერთ-ერთი არაბი ოფიციალური პირის განცხადებით, „ჰუსიტების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თეირანიდან თვითმფრინავით დაბრუნდნენ, თან ახლდნენ ირანელი მრჩევლები. მათი ამოცანა იყო დახმარება ისეთი ორგანოს შექმნაში, რომელიც მომავალში ბაბ ელ-მანდების სრუტით გემების გადაადგილებისთვის დაწესებულ საფასურს დაარეგულირებს.