რატომ არიან მოზარდები რისკისკენ უფრო მიდრეკილნი, ვიდრე ზრდასრულები - კვლევა

ოჯახი

 კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებმა (ასაკის მიხედვით) რისკის განმსაზღვრელი ფაქტორები შეისწავლეს. შედეგად მათ გამოავლინეს ნერვულ სტრუქტურებს შორის რთული კავშირები, რომლებიც რისკის თავიდან აცილებასთან არის დაკავშირებული.

საინტერესოა, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელთანაც უფრო დიდი რისკიანობა ახალგაზრდობასთან არის დაკავშირებული. იგივე თვისებები გვხვდება სხვა ცხოველებში, მაგალითად თაგვებშიც.

"ახალგაზრდებში გარკვეული პროცესები ეწინააღმდეგება საფრთხის თავიდან აცილების სურვილს და შედეგად ისინი უფრო ხშირად რისკავენ. ჩვენ აღმოვაჩინეთ ნერვული კავშირები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს მოზარდების ტვინზე. ამით ისინი საფრთხეს თავს ნაკლებად არიდებენ", — ამბობენმკვლევრები.

თაგვების ტვინის შესწავლით მათ აღმოაჩინეს დორსო-მედიალური პრეფრონტალური ქერქის (dmPFC) ნერვული კავშირები, რომლებიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე განსხვავებული სტრუქტურების სახით გვევლინება. ეს ნიშნავს, რომ dmPFC მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეირონული ქსელების ფორმირებასა და მათ ფუნქციონირებაში სხვადასხვა ასაკში.

პრეფრონტალური ქერქი (prefrontal cortex), რომელიც პასუხისმგებელია შეგნებული გადაწყვეტილებების მიღებაზე, თითქოს "მოლაპარაკებას" აწარმოებს ტვინის იმ სტრუქტურებთან, რომლებიც ჩვენს ინსტინქტურ რეაქციებზე აგებს პასუხს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გააზრებული, რაციონალური გადაწყვეტილებები (პრეფრონტალური ქერქი) და ინსტინქტური, ემოციური რეაქციები (ამიგდალა და ნუკლეუს აკუმბენსი) ერთმანეთის ხარჯზე ბალანსდება.

კვლევებმა კი აჩვენა, რომ ეს ბალანსი ძირითადად ასაკზეა დამოკიდებული.

ექსპერიმენტის დროს თაგვებს ასწავლეს, რომ საფრთხის ასარიდებლად პლატფორმაზე უნდა ასულიყვნენ. ამ გადაწყვეტილებას ართულებდა ის, რომ მათ წინ, პლატფორმის მიღმა, საყვარელი საკვები იყო მოთავსებული, მაგრამ გარკვეულ დროს თაგვებს ელექტრო შოკით ურტყამდნენ.

კვლევის ფარგლებში ახალგაზრდა თაგვები ბევრად უფრო რისკავდნენ, ვიდრე ზრდასრულები. მიუხედავად ელექტრო შოკის ფაქტორისა (გამოცდილებით მათ ეს უკვე იცოდნენ), სწორედ ახალგაზრდები ჩერდებოდნენ უფრო დიდხანს საკვებთან.

ცდის პირთა ტვინში შეყვანილმა ფლუორესცენტულმა მოლეკულებმა მკვლევრებს საშუალება მისცა თვალყური ედევნებინათ ამ ქცევის საფუძვლისთვის. მბზინავი მოლეკულების უფრო მაღალი დონე ზოგადად მიუთითებს ნერვული აქტივობის უფრო დიდ რაოდენობაზე.

ოპტოგენეტიკის პროცესის მეშვეობით (სინათლის გამოყენებით) გენების გააქტიურებამ გამოავლინა დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება აქტივობა ტვინის ამ სტრუქტურებში საფრთხის თავიდან აცილების სტრატეგიებს მოზარდსა და ზრდასრულ თაგვებში. 

კვლევამ აჩვენა, რომ dmPFC ასაკთან ერთად უფრო მგრძნობიარე ხდება საფრთხეების მიმართ. სხეულის დანარჩენ ნაწილებში, დაბერების მსგავსად, სტრუქტურის კონფიგურაციის ცვლილებები ხდება ეტაპობრივად, რაც ხასიათდება სინაფსების მომწიფებითა და დამაკავშირებელი სქემების ხელახალი მოწყობით.

როგორც ჩანს, ესეც ჩვენი ბიოლოგიაა - ახალგაზრდობაში აქტიურობა მეტია, შესაბამისად რისკიც მეტად შეიძლება იყოს საჭირო. ასაკში უკვე სიმყარე და სტაბილურობაა საჭირო - შთამომავალია გასაზრდელი. შესაბამისად, ასაკში ადამიანი (როგორც სხვა ცხოველი) რისკებს უფრო წონის და ნაკლებად რისკავს.

ზემოთ ხსენებული კვლევა თაგვებზე ჩატარდა, მაგრამ ჩვენსა და მათ შორის არსებული მსგავსებები გვაფიქრებინებს, რომ იგივე შედეგს მივიღებთ ადამიანების შემთხვევაშიც.