რას წერს საერთაშორისო მედია გუშინ, თბილისში გამართულ აქციაზე

შინ ევროპისკენ

საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა.

 
20 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციას „შინ ევროპისკენ“ გამოეხმაურა France 24.
გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადადების რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად თბილისის ქუჩებში ათიათასობით ქართველი გამოვიდა.
 
როგორც France 24 წერს,  საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრების მცდელობა, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით, დიდი ხანია აღიზიანებს კრემლს და დაძაბულობამ კულმინაციას 2008 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა.
 
Euronews კი წერს, რომ თბილისში გამართული აქციის მიზანი ბრიუსელისთვის სიგნალის გაგზავნა  იყო იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა განიხილონ, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.


„ევროპულმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის” შეთავაზებას, - სტატუსის, რომელსაც იურიდიული ღირებულება არ აქვს“,-  ნათქვამია Euronews-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. 


 „ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად“,- ამ სათაურით გამოეხმაურა 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს Aljazeera.


„საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით ფრიალით, საქართველოს პარლამენტის წინ აქციაზე დაახლოებით 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა,“ – წერს Aljazeera.


 20 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციით „შინ ევროპისკენ“ დაინტერესდა Euractiv-ც.
 
„ქვეყნის წამყვანმა პროდემოკრატიულმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მათ წამოიწყეს აქცია იდეით -„ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ერთგულება მისი ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი“,- აღნიშნავს Euractiv.