რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა

ათენი

23 აპრილს ათენის ლურჯი ცა მოწითალო-მონარინჯისფროდ შეიფერა, რამაც გასაოცარი სანახაობა წარმოქმნა. ამ ცვლილებამ ქალაქის გარემო მარსს დაამსგავსა, მაგრამ რატომ მოხდა ასე?

საქმე ისაა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთის ამ და სხვა რეგიონებამდე საჰარის უდაბნოდან მომავალმა მტვრის ნაკადმა მიაღწია. აღნიშნული ნაწილაკები იქ ძლიერი ქარის მეშვეობით მოხვდა და მიდამო, პირდაპირი მნიშვნელობით, გადაასხვაფერა. საბერძნეთში ამბობენ, რომ ეს ბოლო წლებში მტვრის ყველაზე ძლიერი შტორმი იყო.

„ესაა საჰარიდან მომავალი მტვრისა და ქვიშის კონცენტრაციის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეპიზოდი, რომელიც 2018 წლის 21-22 მარტის მერე გვინახავს, როცა ამგვარმა ღრუბლებმა კუნძული კრეტა დაფარა", — განაცხადა ათენის ობსერვატორიის ამინდის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, კოსტას ლანგუვადოსმა.

მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ამ მოვლენის ამსახველი მრავალი შთამბეჭდავი სურათი გავრცელდა. აი, რამდენიმე მათგანი: 

ამჟამად ათენში გარემო უკვე ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მსგავსი შტორმი ამერიკაშიც დაფიქსირდა (ის იმდენად მასშტაბური იყო, რომ სატელიტებმაც გადაიღო), შარშან კი — ჩინეთში.

მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა, მომავალში მსგავსი მოვლენები გახშირდეს, რაშიც ადამიანებს დიდი წვლილი მიგვიძღვის. კერძოდ, ჩვენ მიერ წყლის რესურსების ჭარბად გამოყენების, აგრარული პროცესებისა და ტყეების განადგურების გამო მიწა იცვლება და ბევრ არეალში გაუდაბნოება მიმდინარეობს. შესაბამისად, უფრო მეტი ასეთი შტორმია მოსალოდნელი.